ravqnisa
cixe avage
ეს პოეტური ჩანაწერები თავიდანვე წიგნად სულაც არ განზრახულიყო.
იწერებოდა დროდადრო, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენათა კვალდაკვალ, ყველაზე ძალიან რაც შეძრავდა კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს, და თანაც განსჯა ყოველთვის გარკვეულ კომპოზიციურ ქარგაში მოექცეოდა ხოლმე. ჯერ ისედაც იზრუნებდა ჩანაწერთა კომპოზიციურ გამართულობაზე, მარტო თავისთვისაც რომ ჩაენიშნა, და მით უმეტეს – ინტერნეტით გასავრცელებლად ამზადებდა.
საკმაოდ დაგროვდებოდა ასეთი მოვლენები, ერთიერთმანეთზე შემძვრელი, და ამიტომაცაა, მალევე რომ გამოიკვეთებოდა ციკლი მისი ფეისბუქის გვერდზე, გამოხმაურებანი გარკვეული ისტორიული ხვეულის მატიანედ წარმოდგებოდა – სანდო, დამაჯერებელ, მრავალმხრივ გასათვალისწინებელ მატიანედ, ამასთან, არამარტო იმ მოკლე დროის წარმოსაჩენად, რომელსაც აღწერდა, არამედ ჩვენი დრამატული სინამდვილის არსში ჩასახედად, რაკიღა დროის საცეცები თავისთავადაც მიისწრაფოდა საერთოქართული ტკივილებისა და უმწვავესი პრობლემატიკისაკენ და კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის თვალთახედვაც ძალდაუტანებლად განაზოგადებდა დეტალებს, შრეებს, გარემოებებს და საქართველოს ბედისწერის სამზერიდან გადახსნიდა და გააშიშვლებდა ყოველივეს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას რაც ესაჭიროებოდა – მიღწეულის გასააზრებლად და მომავლის კონტურების მოსანიშნად.
თითოეული ჩანაწერის კომპოზიციური აღნაგობა და დახვეწილი სტილი ავტორის მსჯელობას მცირე ესეის ფორმას ანიჭებდა.
და მცირე ესეების ციკლის ძალდაუტანებელი გამოკვეთა კი თავისთავად მოითხოვდა ახლებური თვალით გადახედვას ამ ნიმუშებისა, თავმოყრასა და კომპიუტერის სივრციდან წიგნის სამყაროში გადმონაცვლებას.
ასე ერთიანობაში გაცნობა დაბეჯითებით გვარწმუნებს, რომ არასოდეს ყოფილა ეს ჩანაწერები ერთდღიანი და, თუმც კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს წინასწარ სულაც არ ეგულისხმა მათი თავმოყრა წიგნის ქარგაში, ჩანაწერთა რანგი და მნიშვნელობა თვითვე განსაზღვრავდა საკუთარ ბედს.
რადგანაც წიგნებს აქვთ საკუთარი ბედისწერა, მათი მომზადების პროცესიც არცთუ იშვიათადაა ამ ბედისწერის სრულუფლებიანი ნაწილი – ამ შემთხვევაში სულაც გადამწყვეტი.
„რავქნისა ციხე ავაგე“ ზუსტად და მოხდენილად ნაპოვნი სახელწოდებაა წიგნისა, რომელსაც შესაძლოა მიყრუება და ფურცლებადვე დაფანტვაც ემუქრებოდა, რომ არა მეგობრული შეგულიანება – თითოეულ ჩანაწერს არამარტო სათაური დარქმეოდა, არამედ დაფასებულიყო მათი ეპოქალურობაც და ჟანრობრივი თავისებურებაც, მათი სიღრმეც და მასშტაბურობაც.
უმთავრესი ღირსება კი ისაა, რაც ყოველთვის წამოგვაგონდება კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის ხსენებისას – მისი მიუდგომლობა და აუმღვრევლობა, მისი ეს უჩვეულო უნარი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და წონასწორობა ყველაზე მწვავე ვითარებაშიც.
აქედანაა ნასაზრდოები მისი მწერლური მეთოდიც და ისტორიული თვალთახედვაც, ძველი რომაელები მიკერძოებისა და მრისხანების გარეშე წერას რომ უწოდებდნენ და უმთავრეს საზომადაც მიაჩნდათ ისტორიულ მატიანეთა შეფასებისას.
სწორედაც:
თუ რამდენად ახერხებდა ისტორიკოსი თავშეკავებას.
თუ რამდენად შეეძლო პირუთვნელობის გამჟღავნება.
ის გარემოება, რომ თუნდ ყველაზე დრამატულ, მეტიც, ტრაგიკულ მოვლენათა შუაგულიდან მოდიოდა მემატიანე, უნდა დატყობოდა მის მიერ მოწოდებული ცნობების სიუხვესა და ნიუანსების შემჩნევასაც, მაგრამ არაფრისდიდებით – სტილისტიკას. მისი პირადი დამოკიდებულება სადღაც უკან უნდა გადანაცვლებულიყო და თხრობის ხვეულებში ან შორეულად მიგეკვლია პირად განწყობილებათა გაელვებისათვის, ან ისიც ვერა.
დაე, მიუყენეთ ეს საკმაოდ მკაცრი საზომი კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებებს, იქნება ეს „მდინარების საპირისპიროდ“ თუ „რავქნისა ციხე ავაგე“, და კიდევ ერთხელ გამოთქვით გაკვირვება, რაოდენ ზუსტად განმეორებულა რომაელთა შეგონება ჩვენს სინამდვილეში, და განმეორებულა სრულიად ძალდაუტანებლად, რადგანაც ეს ავტორის ბუნებაა, მისი ხასიათის უმთავრესი ნიშანი, და განსწავლულობა და ისტორიული ქრონიკების – მათ შორის, ქართლის ცხოვრების მატიანის – ცოდნა მხოლოდ დაუდასტურებდა ამ ბუნებისმიერ სწრაფვას.
ემოციურობა, მღელვარება არ აკლია მის თხრობას, წარმოსახვა მარჯვედ რომ ეშველება რეალიებს და ექსპრესიულ სურათებად ჩამოქნის, მაგრამ ეს ემოციურობა და მღელვარება ქვეყნის ყოფით შეძრული პიროვნების განცდაა და არა პირადი ტკივილების გადმოფენა, თუმც ისე მოხდებოდა, რომ მისი ბედისწერა უშუალოდ გადაეჯაჭვებოდა საქართველოს სახელმწიფოს დრამატულ ხვედრს და თვითონაც მონაწილე შეიქნებოდა იმ უმწვავესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებისა, რომლის სათავეშიც მამამისი უნდა აღმოჩენილიყო – ის ზვიად გამსახურდია, ვინც რომანტიკული გმირის შეუპოვრობით გატეხდა ყველა წინააღმდეგობას ქვეყნის პრეზიდენტობისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შემდეგ უკვე მოწამის ხვედრს შეურიგდებოდა.
კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს მთელი არსებით უნდა განეცადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ამოგების წამლეკავი სიხარული.
და განეცადა პრეზიდენტისა და ეროვნული მთავრობის დამხობის ტრაგედია, ქვეყანას ათწლეულებით უკან რომ გადაისროდა და, საბედნიეროდ, საერთაშორისო ვითარება აღმოჩნდებოდა ჩვენთვის სასიკეთო, თორემ ისევე გაგვიქრებოდა ხელიდან ნანინანატრი თავისუფლება, როგორც პირველი რესპუბლიკის ეფემერული გადაელვებისას აღმოჩნდებოდა ხალხი ხელახალი კაბალის ტყვეობაში.
1992 წლის 6 იანვარს ასცილდებოდა 1921 წლის 25 თებერვლის ხვედრი.
ბიოგრაფიაში, მისი შვეიცარიული დრო.
შემდეგ უნდა ყოფილიყო ემიგრანტობის მწუხარე ხანა კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის.
და სამშობლოში დაბრუნებულს კი... სახელმწიფოს ღალატი დასდებოდა ბრალად.
და ისევე უნდა შეწყდომოდა საზარელ სინამდვილეს, როგორც თითოეული ჩვენგანი, კოშმარული ღამის გათენებას რომ ვერა და ვერ ვეღირსეთ,